ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც „არარატის“ სახელით ცნობილ კონიაკს აწარმოებს, რუსეთისთვის ამ სპირტიანი სასმელის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.
ქარხანა სომხეთში, ფრანგულ Pernod Ricard-ს 1998 წლიდან ეკუთვნის. მსოფლიოში ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Pernod Ricard-მა, 12 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთში შეწყვეტს საქმიანობას.
„ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“, - ციტირებს მინისტრს მედია.
ის ამბობს, რომ კონიაკის მიწოდების შეწყვეტა შექმნის პრობლემებს, რაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე იმოქმედებს.
რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის.